logo
ENG



"მენტალური ჯანმრთელობა ყველასთვის" - 10 ოქტომბერი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღეა

10 ოქტ 202014:31
3 წუთის საკითხავი
 
cvuuhie4nkqadqn.jpg

"მენტალური ჯანმრთელობა ყველასთვის", - ასეთი იქნება 2020 წლის სლოგანი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღისთვის. ეს დღე 1992 წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო ფედერაციის ინიციატივით დაარსდა და ის ყოველი წლის 10 ოქტომბერს აღინიშნება.

მისი მიზანი, ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გავრცელებასა და ცნობადობის ამაღლებასთან ერთად, ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებულ სოციალურ სტიგმებთან ბრძოლაა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია წელს განსაკუთრებულ ყურადღებას კორონავირუსის პანდემიის შედეგად შექმნილ გამოწვევებსა და მის შედეგად გამწვავებულ ფსიქიკური ჯანმრთელობის კრიზისზე ამახვილებს. 

ორგანიზაციის თქმით, პანდემიის შედეგად შექმნილი გამოწვევების საპასუხოდ აუცილებელი იქნება ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პროგრამებისთვის დაფინანსების გაზრდა, ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე. 

"განვლილმა თვეებმა მრავალი გამოწვევა მოიტანა: ჯანდაცვის მუშაკებს უკიდურესად რთულ პირობებში მოუწიათ მუშაობა, რომ არაფერი ვთქვათ შიშზე, რომ ვირუსს სამსახურიდან სახლში მიიტანდნენ. სტუდენტებს სწავლის ონლაინრეჟიმის ათვისება მოუწიათ, თანაკურსელებთან და ლექტორებთან პირდაპირი კონტაქტის გარეშე და ამ პირობებში უწევდათ მომავლის შიშებთან გამკლავება. სოციალურად და ეკონომიკურად მოწყვლად ჯგუფებს კი პანდემიასთან გასამკლავებლად, შესაბამის რესურსებთან წვდომის პრობლემა ჰქონდათ. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირები კი უფრო ღრმა სოციალურ იზოლაციაში აღმოჩნდნენ, რომ არაფერი ვთქვათ, ოჯახის წევრების დაკარგვის ღრმა მწუხარებასა და ტკივილზე, რომელიც მრავალმა ადამიანმა გამოსცადა. 

ეკონომიკური შედეგების თვალსაზრისით კი კომპანიებს თავის გადასარჩენად თანამშრომლების სამსახურებიდან გაშვება მოუწიათ, ზოგი მათგანი კი დაიხურა. 

წარსულ გამოცდილებებზე დაყრდნობით, მოსალოდნელია, რომ მომდევნო თვეებში კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული დახმარების საჭიროება საგრძნობლად გაიზრდება. ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პროგრამების ეროვნული და საერთაშორისო დაფინანსების ზრდა საჭიროა ისე, როგორც არასდროს. 

სწორედ ამიტომ, წელს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის მთავარი მიზანი შესაბამისი პროგრამების მიმართ ინვესტიციებისა და დაფინანსების ზრდა იქნება", - ვკითხულობთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებაში. 

პანდემიის შედეგად გამწვავებულ კრიზისზე საუბრობს საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარიაც

"ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველა პრობლემა განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს პანდემიის ფონზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ მეტი ძალისხმევა მიმართოს მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ფსიქოლოგიური კონსულტაციის სერვისების შეთავაზებაზე, განსაკუთრებით თვითიზოლაციის რეჟიმსა და საკარანტინო სივრცეებში განთავსებულ პირთათვის“, - განაცხადა სახალხო დამცველმა.

მსოფლიოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა დაახლოებით მილიარდ ადამიანს აწუხებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველ მეოთხე ოჯახში ერთ წევრს მაინც აღენიშნება ფსიქიკური დაავადება და მიუხედავად პრობლემის სიდიდისა, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე წვდომა ადამიანთა მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს.

 


close დახურვა